გელათის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის ფრესკების დიაგნოსტირება და კონსერვაცია

   

განხორციელების პერიოდი: 2014-2015
დამფინანსებელი: აშშ საელჩო საქართველოში

პროექტის პარტნიორები: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი - ფონდების მოძიება და ადმინიტსრირება; გორსო - ფრესკების კონსერვაცია

ძეგლის შესახებ: გელათის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს უმნიშვნელოვანეს რელიგიური და კულტურული   ღირსეშანიშნაობაა, რომელიც დაარსებულია დავით აღმაშენებლის მიერ 1106 წელს. მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში მონასტერი წარმოადგენდა, როგორც ქვეყნის მნიშვნელოვან რელიგიურ და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს, ასევე საუკუნეების განმავლობაში ეს იყო ქართველ მეფეთა სამარხი. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა პერიოდში აგებულ საერო თუ საკულტო დანიშნულების ძეგლებს. მონასტრის მთავარი ნაგებობა ღმრთისმშობლის შობის ტაძარია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობა აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდით. ტაძრის მინაშენები მისი თანადროული არაა - დასავლეთ მხარეს სტოა, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკვდერები XII საუკუნის II ნახევარში აშენდა,  ხოლო სამრეკლო და ორი მცირე ეკლესია - წმ. გიორგისა დიდი ტაძრის აღმოსავლეთით და წმ. ნიკოლოზისა, ორსართულიანი, სულ მცირე სადგომებით - ტაძრის დასავლეთით შენობები უფრო გვიანდელია XIII საუკუნისა. გელათის ანსამბლში მდებარე აკადემიის შენობა, რომელიც მდებარეობა მონასტრის დასავლეთით, აშენდა XII საუკუნეში. ნაგებობის სწორკუთხა გეგმარება გადაურჩა ნგრევას, რომელსაც ჩაუტარდა რესტავრაცია და ამჟამად ღიაა დამთვალიერებლისთვის. აკადემიის შესასვლელი პორტალი მდიდრულად არის მორთული XIV საუკუნის მდიდრული ორნამენტული ქვებით.
გელათის მონასტრის მთავარი - ღვთისმშობლის შობის ტაძარი არქიტექტურული მრავალფეროვნების გარდა, გამოირჩევა მოზაიკური მორთულობითა და სხვადასხვა პერიოდში შესრულებული უნიკალური კედლის მხატვრობით. ფრესკები შესრულებია XII-XIX საუკუნეებში და ნათლად წარმოგვიდგენს ქართული საეკლესიო კედლის მხატვრობის  სტილისტური განვითარების ისტორიას. გელათის კედლის მხატვრობამ შემოინახა საქართველოში უკვე VII საუკუნიდანვე გავრცელებული ფრესკისა და მოზაიკის სინთეზის მაგალითი, კონქში მოცემული ნიკოპეის ტიპის ღვთისმშობლის გამოსახულების სახით, რომელიც საეკლესიო კრებათა ამსახველი ნართექსის ფრესკებთან ერთად გელათის მოხატულობის უძველესი ნიმუშია. XII-XVII საუკუნეების განმავლობაში აქტუალური საგანმანათლებო და კულტურული ცენტრი გამუდმებით ექცეოდა ქტიტორთა ყურადღების ქვეშ, ამან გამოიწვია ის, რომ აქ შემონახული ფრესკები ქართული ხელოვნების ისტორიის სხვადასხვა ეპოქებსა და სხვადასხვა ხელოვანთათვის სახასიათო ნიშნებს ასახავს. ტაძრის სამხრეთ (XIII-XVI სს.) და ჩრდილოეთ (XVI-XVII სს.) ეკვდერებში შემორჩენილია სახარების სცენები, წმინდა მამებისა და ქართველ მეფეთა პორტრეტები. XVI-XVII საუკუნეებში ხანძრის შემდეგ ტაძრის მთავარი ნაწილები თავიდან მოიხატა. როგორც ზემოთ აღინიშნა, გელათის კედლის მხატვრობაზე ასახულია ყველა ის სტილი, რომელიც XII საუკუნიდან XVII საუკუნემდე არსებობდა აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროში: დაწყებული XII-XIII საუკუნეების კლასიკური სტილიდან, XIV-XV საუკუნეების პალეოლოგოსური, XVI-XVII საუკუნეების აკადემიური და „ხალხური სტილის“ ჩათვლით. ეს მიმდინარეობა, რომელიც ერთიანად მთელ XVI საუკუნეს მოიცავს, გამოირჩევა ფორმათა სისადავითა და მიამიტობით, თავისებური სიწრფელით. ყოველივე ეს მათ მაღალმხატვრულ ღირებულებასთან ერთად გელათის კედლის მხატვრობის ისტორიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. ამდენად, მთავარ ტაძარში შემორჩენილი კედლის მოზაიკისა და კედლის ნიმუშები  მნიშვნელოვანია არა მარტო ქართული, არამედ მთელი აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყაროს კედლის მხატვრობის ისტორიაში.

პროექტის მიზანი: გელათის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის მე-16 ს. ფრესკების კონსერვაცია.

განხორციელებული ღონისძიებები: პროექტი განხორციელდა 2 ეტაპად:
I ეტაპი - ლაბორატორიული კვლევა, რომელიც მოიცავდა: ფერწერული ფენის და ბატქაშის ანალიზებს, მარილების იდენტიფიცირებას, ბიოლოგიურ ანალიზებს
II ეტაპი - ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე შემუშავდა ჩასატარებელი საკონსერვაციო სამუშაოების მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს:ფრესკის ზედაპირის გაწმენდა, მხატვრობის ფენის გამაგრება, ბათქაშის გამაგრება ჰიდრავლიკური ხსნარით, ინექტირება. მარილების მოშორება, ბიოლოგიური დაზიანებების მკურნალობა ბიოციდების საშუალებით.

საგანმანათლებლო აქტივობა - პროექტი თანამშროლობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქვისა და კედლის მხატვრობის კონსერვაციის ფაკულტეტთან, და აძლევს საშუალებას სტუდენტებს უფროს თაობასთან თანამშრომლობით უშუალოდ პრაქტიკაში გამოიმუშაონ, გაიღრმავონ და განივითარონ საკუთარი ცოდნა.